Thursday, April 28, 2011

მედეა მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარიო


ოლიმპოს მთაზე სამი უმშვენიერესი ქალღმერთი შეკრებილიყო. ათენა და ჰერა სტუმრად მისულიყვნენ აფროდიტასთან.  ჰელიოსის შვილიშვილი, კოლხეთის მეფის ასული მედეა უნდა დაეჭრა სიყვარულის ისრით აფროდიტას შვილ ეროსს, ძნელი  იყო ამ საქმის გაკეთება..
თვითონ მედეაც ხომ ქალღმერთი იყო, თუმცა მას ადამიანური წარმომავლობა ჰქონდა და ადამიანური სისუსტეებიც არ იყო მისთვის უცხო. იმძლავრეს ბერძენმა ღმერთებმა კოლხ ღმერთებზე, თავდავიწყებით შეაყვარეს მედეას იასონი...მედეა ყოველთვის ნანობდა იასონის შეყვარებას და ამის ნათელი მაგალითია აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“–ის მიერ ქმრისადმი მიწერილი წერილი: „ოდესღაც შენ შველას ევედრებოდი კოლხი მეფის ასულს, ჯობდა კი იმდროს მომკვდარიყო შენი მედეა, მას მერე ჩემი ცხოვრება მხოლოდ წამებაა.“ ნანობს ქალი და ჩივის: “ რისთვის შევიყვარე ზომაზე მეტად უცხო კაცი, რისთვის მივეცი მალამო - მაშინ ხომ მასთან ერთად დაიღუპებოდა ამდენი ვერაგობა!“  რისთვის შემოიჭრა გადამთიელი მის ბედნიერ მხარეში... მთელი განცდების ნაკადი მთავრდება რისხვით და მუქარით: ‘’რისხვას, ჩემს გულში რომ მწიფდება, გზა უნდა დიდი. გამიძეხ  ბრაზო, სინანული მომიხდეს თუდაც, ვნანობ რომ ქმარი მოღალატე ვიხსენი მაშინ! დეე, გადაწყვიტოს ღმერთმა მე რომ მაწამებს გულში, რა ვიცი რაა, მაგრამ რისხვა იზრდება დიდი.’’
მედეა–კოლხთა დედოფალი, რომელიც სიცოცხლეშივე გახდა ქალღმერთი, ან თავიდანვე იყო ქალღმერთი…  აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპეს და აფსირტეს და, მზის ღმერთის შვილის შვილი. მაგრამ რეალური, ისტორიული პიროვნება, თავისი სილამაზით, ხასიათით,  შეუპოვრობით და გაუტეხელობით.  ის ნამდვილი ქართველი ქალია იასონისა და შემდგომ ეგეოსის მეუღლე, ”მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი”, ექიმი, ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე, მედიცინის დედამთავარი. მედეას განსაკუთრებული სულიერი ძლიერება, მისი ჯადოქრობის ზებუნებრივი ნიჭი, მკვდრის გაცოცხლებისა და ცხვრის ბატკნად ქცევის უნარი, დრაკონების ეტლით გაფრენა და სხვა მოწმობს, რომ უწინ  ქალღმერთი ყოფილა, მერე გამხდარა  ჯადოქარი. მედეას და იასონის სიყვარულის ამბავი, როგორც უკვე ითქვა  იმისთვის მოიგონეს ბერძენმა ღმერთებმა, რომ კოლხეთის სიბრძნით ელადა განათლებულიყო. აქვე ჩანს მედეას კიდევ ერთი ძალზე ქართული თვისება -უმანკოება, მან იასონთან სარეცელი არ გაიყო, მანამ ვიდრე ფაეკთა მეფის ალკინოეს მოთხოვნით  აუცილებელი არ ხდება, რათა კოლხ  მდევრებს მისი მამასთან დაბრუნებისთვის იურიდიული და მორალური საფუძველი აღარ ჰქონოდათ, ეს კი მას შემდეგ მოხდა რაც კანონიერად შეეუღლა იასონს. მისი სამშობლოდან გაქცევა და  ძმის აფსირტეს მოკვდინება მოტივირებულია ოჯახისადმი ერთგულებით, მეტ- ნაკლებად მაინც...
საბერძნეთში ჩასულ მედეას და იასონს ეყოლათ ორი ვაჟი:  მერმეროსი და ფერეტოსი (ზოგი ვერსიით 7 ქალი და 7 ვაჟი). მედეა ეხმარება მეუღლეს ტახტის დაბრუნებაში, რომელიც მას ბიძამ პელიასმა წაართვა. ზოგადად უნდა აღინიშნოს რომ იასონი ერთი ხელმოცარული ადამიანია, მთელი ცხოვრების მანძილზე ის სხვების დახმარებით ახერხებდა მიეღწია საწადელისთვის, დაემარცხებინა მტრებიდა მიეღო ის რაც მას სურდა. თუმცა აქვე ჩანს მისი როგორც მოღალატე  მეუღლის და მამის სახე.  ღალატობს მედეას  კორინთოს მეფის ასულ კრეუსასთან...კოლხი ქალი იძულებულია შური იძიოს და ის მოწამლულ სამოსს უგზავნის კრეუსას. მეტოქე ტანჯვით კვდება, საშველად მისული მამამისიც მასთან ერთად იღუპება...
აპოლონიოს როდოსელის და ადრეული პერიოდის  სხვა ბერძენი ავტორების გადმოცემით, კორინთოს მოქალაქეები ივიწყებენ იმას, რომ მანამდე ისინი მედეამ შიმშილისგან იხსნა და მის შვილებზე  იყრიან ჯავრს. ჰერამ შვილების უკვდაყოფა აღუთქვა მას და ამით დაიმედებული დედა კორინთოს ჰერას ტაძარს შეავედრებს და იმავე ტაძარში შეიყვანს შვილებს წინასწარ. ჰერას საკურთხეველზე დასვამს მათ, მაგრამ იქ იასონი მოუსწრებს. გაიმართება   შეტაკება, რის შემდეგ კორინთელები მედეას შვილებს დაუხოცავენ. პარმენიკოსის ცნობით,  მათი დახოცვისათვის დატეხილი ცოდვის გამოსასყიდად კორინთელებს ჰერას ტაძრის მსახურად ყოველწლიურად შვიდ-შვიდი ბავშვის გამწესება დაეკისრათ.
გავა ამ ამბიდან რამდენიმე საუკუნე და კორინთელები  ტრაგიკოს ევრიპიდეს გადაუხდიან გასამრჯელოს რომ მან შეცვალოს რეალური ისტორია და შვილების სიკვდილი დედას დააბრალოს.  თითქოს ამით ცდილობდნენ ბერძნები ოდნავ მაინც გამოესწორებინათ მათი წინაპრების მიერ ჩადენილი სამარცხვინო ქმედება, თუმცა ევრიპიდეს „მედეაშიც“ ქალი სასოწარკვეთილებამდე იტანჯება შვილების სიკვდილის გამო, იმართება დაძაბული დიალოგი. იასონი ერინიებს(ღმერთებს)  შესთხოვს, სასტიკად დასაჯონ შვილების მკვლელი. მედეა ზიზღით მიუგებს: ”რომელი ღმერთი დაგიჯერებს ფიცის გამტეხო?”. ”ო, საყვარელო შვილებო”- გოდებს იასონი, ”საყვარელი - მხოლოდ დედისთვის” - პასუხობს მედეა. შვილების დახოცვას აქ უპირისპირდება არანაკლები დანაშაული - ოჯახის ღალატი, რისთვისაც იასონი ისჯება. ყველასგან მიტოვებული, ის მიდის გემთან,  რომლითაც მან კოლხეთი დალაშქრა. და აქ აღსრულდა ღმერთების განგება, „არგოს“ ძელი მოტყდება , იასონს დაეცემა და კლავს მას.      ძალზე მნიშვნელოვანია ერთი ჩვეულება, რაც კორინთოში რომის იმპერიის პერიოდშიც კი შემორჩენილი იყო და ბოლო დრომდე ცნობილია. ამ უძველესი წესით, კორინთელები თავს მოვალედ თვლიდნენ  საკურთხეველთან მსხვერპლის შეწირვით გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული - მედეას შვილების დახოცვა. ეს წესი სავსებით სარწმუნოდ აბათილებს მედეას ხელით შვილების მოკვდინების ვერსიას.
კორინთოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ  აპოლონიოს როდოსელის გადმოცემით,  მედეა ჰელიოსის  დრაკონებიანი ეტლით ათენში გარბის, სადაც მოხუცი ეგეოსის ცოლი ხდება. აქ ის ცდილობს გერი–თეზევსი მოწამლოს და ათენიდანაც მოუწია გაქცევა შვილთან მედოსთან ერთად. მედოსი მცირე აზიაში აარსებს მიდიის სახელმწიფოს. თვითონ მედეა კი ბოლოს მაინც მამასთან ბრუნდება, ეხმარება მას ტახტის დაბრუნებაში, რომელიც აიეტის ძმა პერსეს მიეტაცებინა.
მიუხედავად იმ უზარმაზარი ძალისა, რომელიც მედეას ხელში იყო მოქცეული დალამის  მთელ იმდროინდელ სამყაროზე ახდენდა გავლენას, იგი მაინც უაღრესად ტრაგიკული სახეა, მისი ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე. ის არის მოსიყვარულე მეუღლე, შვილებზე უზომოდ შეყვარებული დედა და ამავე დროს დაუნდობელია შურისძიების დროს. მან სამშობლო სიყვარულში გაცვალა, თუმცა საბოლოოდ მაინც უბრუნდება კოლხეთს, შემოირიგებს მამას და აქვე ასრულებს სიცოცხლეს.
მიუხედავად იმისა, რომ მედეასა და არგონავტების ისტორიაში ბევრია მითი, ბევრი შემდგომ ჩამატებული ამბავი, მაგრამ მაინც ეს რეალური ისტორიაა, რეალურ ადამიანებზე. ადამიანებზე რომლებმაც კოლხეთი და საბერძნეთი დააკავშირეს ერთმანეთთან და ეს კავშირი გასდევდა ამ ორ ქვეყანას შემდეგში  მთელი ისტორიის მანძილზე. უზარმაზარია მედეას როლი მედიცინის განვითარებაში, ის არ იყო ჯადოქარი, ის იყო მკურნალი და მისი მეთოდები მეცნიერულს უახლოვდებოდა. დასავლეთის მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ მედეა მედიცინის ფუძემდებელია და მას „კურა მედიანას“ ანუ მედეას მკურნალობას უწოდებენ, ამ ყველაფრის ნათელი დასტურია გამოჩენილი გერმანელი ექიმის, ბოტანიკოსის, მედიცინის ისტორიკოსის კურტ იოაჰიმ შპრენგელის კვლევა. მისი „მედიცინის პრაგმატული ისტორიის“  ხუთტომეული კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება.

No comments:

Post a Comment